როგორ გამიმწარე ჩემი ერთადერთი დაიკო ბიჭო ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭოოოოო – გუშინ ქუთაისში მშენებლობაზე დაღუბულ ბიჭს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. გივიკო გურეშიძე წყალტუბოს სოფელ გუმბრინში ცხოვრობდა. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა. ახალგაზრდა ბიჭის დედა ემიგრანტია.
“გივიკო მშობლების ერთადერთი შვილი
როგორ უნდა მივუსამძიმრო ლელას და თემურის ასეთი შვილის სიკვდილი
სიტყვები უძლურია, ვუსამძიმრებ ყველას, ოჯახს, ახლობლებს, უბანს, სოფელს ამ ღრმა მწუხარებას, ვტირი შორიდან, ჩვენს თვალწინ გაზრდილი ბავშვი, დიდი ტრაგედიაა
სულის შემძვრელი ამბავია, ნათელში ამყოფოს უფალმა გივიკოს ლამაზი სული
გამძლეობა მისცეთ უფალმა მშობლებს და ახლობლებს”
“გივიკო
სიყვარულით და სითბოთი გაჟღენთილო,ღიმილა ბიჭო
ლელას ,,ერთა” სანიმუშოდ გაზრდილო შვილო”
“ჩემი გულიც თან წაიღე ძამიკო გივიკო როგორ გამიმწარე ჩემი ერთადერთი დაიკო ბიჭო ჩემი ხმა ცასაც ესმის ბიჭოოოოო” – წერენ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები.
,,ჯერ კიდევ შოკში ვარ, გამოხატვის უნარიც შეზღუდული მაქვს და არ მჯერა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი გივიკო, რომელიც სიკვდილისთვის ყოველმხრივ ახალგაზრდაა, აბსურდულად დაიღუპა დღეს ქუთაისში. არ ვიცი, როგორ უნდა მივუსამძიმრო მის ოჯახს ან რა გითხრათ მის ახლო მეგობრებს, როგორ შეგიმსუბუქოთ ეს საშინელი ტკივილი .” – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობარი.
ცნობისთვის, გუშინ ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის მშენებლობისას ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, რა დროსაც კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა. ნანგრევებში მშენებლობაზე დასაქმებული ერთი პირი მოჰყვა, მეორემ კი გამოსვლა მოახერხა. ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი მაშველებმა იპოვეს.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს შპს “გრადუს გრუპ მაუდი” ასრულებს, მათ ზედამხედველობის სამსახურმა სამუშაო პროცესი შეუჩერა.
,,მეგა ტვ” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.










