ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, გუშინ კორპუსის მშენებლობისას მომხდარ ნგრევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ბეტონის საფარის დასხმა მიმდინარეობდა, კონსტრუქციამ ვერ გაუძლო და ჩამოიშალა.
საქმის მოკვლევა შრომის ინსპექციის სამსახურმა უკვე დაიწყო. უწყების გადაწყვეტილებით, ობიექტს სამუშაო პროცესი შეუჩერდა. ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „გრადუს გრუპ მაუდი” ახორციელებდა.
შპს „გრადუს გრუპ მაუდი“ სამეწარმეო რეესტრში 2002 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე გოჩა ალანიაა. წილებს კი სრულად ფლობს შპს „გრადუს ჰოლდინგი”.
თავის მხრივ, „გრადუს ჰოლდინგი“ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დირექტორი იოსებ ბობოხიძეა (საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე).
აღსანიშნავია, რომ ბობოხიძე კომპანიაში 75%-იან წილს ფლობს, დარჩენილი 25%-იანი წილის მესაკუთრე კი ზემოთ ნახსენები გოჩა ალანიაა.










