ავარიები საქართველოში ყოველდღიურ რეალობად იქცა. თითქმის არ გადის დღე, რომ გზებზე მომხდარი მძიმე შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს.
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 14 839 ავტოსაგზაო შემთხვევა აღირიცხა. რასაც მოჰყვა 92 დაღუპული და 989 დაშავებული.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებს, როგორც წესი, ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს რამდენიმე ფაქტორი ემატება. ყველაზე გავრცელებული მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.
რისკს ქმნის მძღოლის ყურადღების გაფანტვაც. ტელეფონზე საუბარი, შეტყობინებების წერა, ნავიგაციის გამოყენება ან სხვა მოქმედებები. ამ დროს ავტომობილი რამდენიმე ათეულ მეტრს ისე გადის, რომ მძღოლი გზას სრულფასოვნად აღარ აკონტროლებს.
ავარიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ალკოჰოლისა ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მართვა. ასეთ დროს რეაქციის დრო იზრდება, გადაწყვეტილებების მიღება რთულდება და მძღოლი საფრთხეს გვიან ამჩნევს. საქ სტატის მონაცემებით 2024 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 185 სიმთვრალით იყო გამოწვეული.
პრობლემას ემატება საგზაო მოძრაობის წესების უგულებელყოფაც. წითელ შუქზე გავლა, გასწრების წესების დარღვევა, ქვეითებისთვის გზის არდათმობა ხშირად მძიმე შედეგებით სრულდება.
ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზეც. გაცვეთილი საბურავები, გაუმართავი მუხრუჭები ან სხვა ტექნიკური ხარვეზები განსაკუთრებით სახიფათოა ცუდ ამინდში, როდესაც გზის საფარი სველია და დამუხრუჭების მანძილი იზრდება.
ავარიების რისკზე გავლენას ახდენს ინფრასტრუქტურაც. დაზიანებული გზები, არასაკმარისი განათება, გაუმართავი საგზაო ნიშნები და რთული მონაკვეთები მძღოლებისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით ღამის საათებში.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ახალგაზრდები, ქვეითები და მოტოციკლისტები არიან. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება, სიჩქარის დაცვა, ყურადღებით მართვა და საგზაო წესების შესრულება იმ მარტივ ნაბიჯებს შორისაა, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობისა და მათი სიმძიმის შემცირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.









