ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიასთან ადვოკატი შევიდა.
ადვოკატ ლაშა ცუცქირიძესთან ერთად არასრულწლოვან ბრალდებულთან, კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით შევიდა დაკავებულის მამა მერაბ მალანია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილეა.
ისინი გიორგი მალანიასთვის ბრალის წარდგენას დაესწრებიან. ბრალის წარდგენის შემდეგ კი სასამართლო გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი მალანიას ედავება იმ ფაქტს, რომ ის გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.









