დაგროვილი იყო გარკვეული პრობლემები კრიმინალის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით – იყო პრაქტიკა, როცა ქალაქში, პირდაპირ თბილისში ახალგაზრდები თუ არაახალგაზრდები იარაღით დარბოდნენ! ძალიან ცუდი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, რომელსაც რადიკალური ნაბიჯებით დაპირისპირება სჭირდებოდა, – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.
კობახიძის თქმით, სერიოზული პრობლემები იყო ნარკოტიკული დანაშაულის მიმართულებით.
კობახიძის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პასუხისგებაში მიეცა 15 „კანონიერი ქურდი“ და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 335 პირი. ასევე პასუხისგებაში მიეცა ნარკოტიკულ დანაშაულში მხილებული 8 000-ზე მეტი პირი.
“ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის და ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით. ეს საკითხები კერძო სექტორს ჰქონდა მინდობილი და აქაც იყო სერიოზული ეჭვები მანკიერ პრაქტიკებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მთლიანად სახელმწიფოს სექტორში წამოვიღეთ, რაც მთლიანად უზრუნველყოფს მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრას ორივე მიმართულებით – როგორც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის, ისე ჩანაცვლებითი თერაპიის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.










