გომის მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბელარუსი ტურისტები კვლავ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩებიან.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, გია კიკაბიძის განცხადებით, მათ შორის ინტენსიურ განყოფილებაში რჩება ორი პირი – დედა-შვილი, რომელსაც სისხლჩაქცევები აღენიშნება. კიკაბიძის თქმით, პაციენტები კლინიკაში სავარაუდოდ, ორშაბათამდე დარჩებიან.
„გუშინ საღამოს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გაეწერა, რომელიც ჩოხატაურში გადავიდა. მისი მეუღლე ჩოხატაურის კლინიკაშია მოთავსებული.
ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად ფასდება.
ბავშვები თავს კარგად გრძნობენ. შესაძლოა, მათი გაწერა მოხდეს, თუმცა მათი მშობლები კლინიკაში არიან და ამ საკითხს საელჩო მოაგვარებს. როგორც იცით, ელჩიც ჩამოვიდა და ეს ყველაფერი საელჩოს საქმეა.
პაციენტები კლინიკაში, ალბათ, ორშაბათამდე დარჩებიან. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.










