პოლიციელების მიერ ნაცემი ერთ-ერთი მოქალაქე ლასა აბისონაშვილი ამბობს, რომ ცემაში ყველა პოლიციელი მონაწილეობდა.
მისი განცხადებით, უფრო სასტიკად ნაცემია მისი მეგობარი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია და სამსახურიდან შინ ფეხით მიდიოდა შესვენების დროს:
,,ჩემი მეგობარი სამსახურიდან ფეხით მიდიოდა სახლში, შესვენება ჰქონდა. ამბობდა, მანქანა მომიშვირეს და ხელი მომიქნიესო. მე მაშინ მივედი, როდესაც ძირს დაწვენილი ჰყავდათ. ეუბნებოდა, საქართველოს ბანკის თანამშრომელი ვარ, ადვოკატი მოვიდესო. ამაზე უფრო გაგიჟდნენ.
,,ვინც მოვიდა, ყველა პოლიციელი გვცემდა, ყველა. ჩემზე მეტად ისაა ნაცემი. თვითონაც არ ეცოდინებათ, რატომ გვცემდნენ,” – ამბობს ლაშა აბისონაშვილი.
დღეს ,,ქართლის ამბებმა” გორის ერთ-ერთი უბნიდან, კერძოდ კომბინატის დასახლებიდან გაავრცელა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებულ მოქალაქეებზე ძალადობენ.
პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან, ძალადობით, უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების მუხლით დაიწყო.
პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს „გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“.