წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება.
მისივე თქმით, დღეს ეპოქალური მოვლენაა ეკლესიის და საზოგადოების ცხოვრებაში.
„დღეს ვირჩევით კათოლიკოს – პატრიარქს. 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი. წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია“, – აღნიშნავს მეუფე ანდრია.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომელიმე კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა ჩახსნას, მეუფე ანდრია გვაზავა აღნიშნავს: „არა მგონია, მოხდეს საკუთარი თავის მოხსნა“.
რაც შეეხება ჩარევებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, როგორც მეუფე ანდრია აღნიშნავს, მასთან არავის ჰქონია საუბარი.
„ამ კითხვაზე, მეღიმება. ვფიქრობ, ჩარევა როდესაც ხდება, ხდება ყველას მიმართებაში. შეიძლება მე და თქვენ ვისაუბროთ და აზრები გავუზიაროთ, მე ის კანდიდატი მომწონს, თქვენ მეორე, როგორ გამოდის? ჩარევა არის?! ჩემთან არავის ჰქონია საუბარი“,- აღნიშნავს მეუფე ანდრია გვაზავა.
ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ.
წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 1200-მდე დელეგატი დაესწრება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების ტაძარში კრებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სიებით. ტაძარში შესვლა 10:00 საათიდან დაიწყება. პატრიარქის არჩევის დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეზღუდვა ეხება ტაძარს.










