კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მძიმე ტექნიკა ერთდროულად რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ინტენსიურად მუშაობს. იწმინდება მდინარეების კალაპოტები და სანიაღვრე არხები.
არამდგრადმა ამინდებმა, რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
„განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა სამ მუნიციპალიტეტში – გურჯაანში, ყვარელსა და ლაგოდეხში. აქტიურად მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მუნიციპალური სერვისები. მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა და ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები. რჩება გარკვეული პრობლემური საკითხები, რომელსაც შესწავლა სჭირდება“, – განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ.










