საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა, რომ საპატრიარქომ ხელისუფლების წინაშე პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ადამიანური ამბავია, რომ „პატიმრებს რამენაირად გამოესარჩლონ“.
„არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბრები ამაზე. ახლა უბრალოდ გესმით, ასეთი დღეებია. წინ გვაქვს სინოდი ჩასატარებელი, გვაქვს გაფართოებული კრება ჩასატარებელი, ამიტომ ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას, ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით.
ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც.
შვიდგზის სამოცდაათჯერ შეიძლება ერთი და იმავე რამეზე ვითხოვოთ და თუ ვითხოვთ შეიძლება განგვეღოს.“- განაცხადა დეკანოზმა.
ცნობისთვის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ 31 დეკემბერს, ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ ეთერში განაცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან სამჯერ უკვე დააყენეს, თუმცა საკითხს მსვლელობა არ მიეცა.
„პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ხელისუფლებასთან, ერთხელ უშუალოდ მეუფე შიომ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა.“- განაცხადა დეკანოზმა.









