მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 37–კმ 56 მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, საპროექტო ტერიტორია ანანურთან მდებარეობს.
ტექნიკური დავალების მიხედვით, რეაბილიტაცია 19.4 კმ სიგრძის მონაკვეთს უნდა ჩაუტარდეს. საპროექტო ტერიტორია იწყება მდინარე არყალას ხიდის დასასრულიდან და სრულდება ხანდოს ხევის ხიდის დასაწყისთან.
„საავტომობილო გზა იწყება სოფელ ანანურის სამხრეთით, გაივლის სოფელ ციხისძირსა და სოფელ მენესოს და მთავრდება სოფელ ჭართალის ჩრდილო-დასავლეთით, ხანდოს ხევის ხიდთან“, – აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.
რამდენი დაიხარჯება პროექტზე?
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ საავტომობილო გზაზე საანგარიშო სიჩქარე 60 კმ/სთ უნდა იყოს.
რაც შეეხება ვადებს, მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულება 24 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
ინფორმაციისთვის, ტენდერში წინადადებების მიღება 25 აპრილს დაიწყება და 30 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 41 544 128 ლარს შეადგენს.










