ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ მშობიარობის შემდეგ მძიმე დაზიანებები მიაყენა, ისევ რთულია | ამის შესახებ ექიმმა, “მედინას” კლინიკურმა დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ “მთავართან” საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ახალშობილს დამატებითი ოპერაციები ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით არის პროგრესი.
. “გუშინ გავუკეთეთ მეორე რეკონსტრუქციული ოპერაცია, რომლის აუცილებლობაც იყო იმის გამო, რომ ინფექცია კიდევ არ გავრცელებულიყო. მთელი პირის ღრუ, ქვედა ყბის ძვლების ოსტეოსინთეზი მოხდა… გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, პროგრესი არის, თუმცა ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა. მას მკურნალობენ მოწვეული ექიმებიც, კონსილიუმი იყო მოწვეული, იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ მედიკოსები. ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც…” – ამბობს მთავართან სატელეფონო საუბარში უნგიაძე.
ექიმის განმარტებით, ახლა ექიმები ცდილობენ რომ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმ ეტაპამდე მიიყვანონ, რომ ჩვილის თბილისში გადაყვანა მოხდეს. ახალშობილს სხვა ოპერაციებიც ესაჭიროება.










