ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.
კომუნისტების დროს მამას მამკოდის ფერდობზე სამსახურიდან აღებული ჰქონდა 600 კვმ მიწის ნაკვეთი. რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა რეესტრში. მებაღეობის მოწმობა დაკარგულია. მამა (დედაც) გარდაცვლილია. როგორ და სად შეიძლება (რომელ არქივში) მოვიძიო მოწმობა? ვიცი, მამა სად მუშაობდა, რა თანამდებობაზე. დაახლოებით რომელ წლებში გადაეცა ნაკვეთი, ეგეც მახსოვს და რაც მთავარია, მიწის ზუსტი ადგილიც. ხის ქოხიც გვედგა იქ, სამწუხაროდ, დანგრეული და მოპარულია მასალა, მაგრამ ნაკვეთის შემომღობავი ბადე და რკინის ბოძები მოჭრილია, მაგრამ გადანაჭერი კუთხის ბოძები არის. მივმართე იუსტიციის სახლს და მებაღეობის მოწმობა ვერ მომინახეს, პასუხიც ვერ მითხრეს, სად შეიძლება მოვიძიო.
– მებაღეობის წიგნაკი უნდა მოიძიოთ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ის მოიცავს საქართველოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციას და დოკუმენტაციაც უნდა გამოითხოვოთ აღნიშნული ბიუროდან.
მაქვს პრობლემა “თიბისი დაზღვევასთან” – 10/02/2024 წელს მომივიდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაზღვევა მედავებოდა 4.860 ლარს. მე არა მაქვს ამ თანხის დაფარვის საშუალება, ამას რომ თავი დავანებოთ, ჩემი აზრით, ეს თანხა უსამართლო და უსაფუძვლოა. რამდენიმე დღის წინ დამირეკა უცხო ნომერმა და მითხრა, რომ საქმე გადაცემულია სასამართლოზე. როგორ მოვიქცე? არის შანსი, რომ გავაპროტესტო ან მოვითხოვო, საიდან გამოვიდა ეს კონკრეტული თანხა? რომ არ გამოვცხადდე სასამართლოში, რა მოჰყვება ამას? ვარ 23 წლის უმუშევარი მოქალაქე.
– თუ საქმე უკვე სასამართლოშია, უნდა შეიტანოთ შესაგებელი (პასუხი) დაზღვევის სარჩელთან დაკავშირებით, უნდა დაასაბუთოთ, თუ რატომ არის ეს თანხა არაგონივრული, ასევე მიუთითოთ ის გარემოებები, რის გამოც თანხის გადახდას ვერ შეძლებთ. ვინაიდან თქვენი ბრალეულობით მოხდა შემთხვევა, თქვენ გეკისრებათ ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ამიტომ აჯობებს, ეცადოთ მოურიგდეთ მხარეს გარკვეულ თანხაზე, დაუსახელოთ თანხა, თუ რისი გადახდა შეგიძლიათ. თუ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდებით, არც პასუხს წარადგენთ, გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შემდეგ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი და 10 წელი იქნებით მოვალეთა რეესტრში, თქვენს სახელზე რეგისტრირებული ნებისმიერი ქონება ან ანგარიშები დაგიყადაღდებათ.
– ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი და მჭირდება ფული. მაქვს თუ არა უფლება საპენსიო დანაზოგი გავიტანო?
– “საპენსიო სააგენტოს შესახებ” კანონის თანახმად, საპენსიო დანაზოგი გაიცემა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში: საპენსიო ასაკის მიღწევისას (ან შესაბამისი საპენსიო ასაკის შემთხვევაში) მოქალაქეს შეუძლია საპენსიო თანხის გატანა. ეს ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელია, ხოლო ქალებისთვის – 60; ასევე იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მუდმივად ტოვებს საქართველოს და იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუძლია განაცხადოს დაგროვებული თანხის გატანის შესახებ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დროს. მძიმე ავადმყოფობის ან შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს თანხის ერთჯერადი ან ეტაპობრივი გატანა. თუ თქვენ ბრძანდებით მეორე ჯგუფის ინვალიდი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დანაზოგის გატანა მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო სააგენტოში განაცხადის საფუძველზე. საჭირო იქნება ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განაგრძე კითხვა










