“ტვ პირველის” ინფორმაციით, დაკავებულები არიან გდდ-ს ყოფილი უფროისის, ზვიად ხარაძიშვილის, “ხარებას” სპეცრაზმელები – მათივე ცნობით, თორნიკე გოგიძე და ოთარ მარანელი გუშინ აიყვანეს. ორივე სპეცრაზმელის გვარი ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.
საუბარია ერთი წლის წინ მომხდარ მკვლელობაზე, როცა 27 წლის მიშო ქავთარაძე მისივე კორპუსის ეზოში, მამის თვალწინ მოკლეს.
ჭრილობები მიაყენეს მოკლული ბიჭის მამას, გელა ქავთარაძესაც. ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების ორი მეზობელიც, რომლებიც დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდნენ.
მოკლულის დედა სპეცრაზმელებს დანაშაულის ორგანიზებაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და ცრუ ჩვენებების განზრახ მიცემაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, ისინი ამ დრომდე გდდ-ის იმ დანაყოფში ირიცხებიან, რომლებსაც აქციების დასარბევად იყენებენ.
დანაშაულის ადგილიდან სასწრაფოს და პოლიციის მისვლამდე დაჭრილები კლინიკაში თვითმხილველებმა წაიყვანეს, მაგრამ 27 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.










