გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) მონაცემებით, 2025 წელს სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 0.6%-ით შემცირდა.
ამის შესახებ FAO-ს ყოველთვიურ ანგარიშში წერია.
კერძოდ, FAO-ს სასურსათო ფასთა ინდექსი 2025 წელს, საშუალოდ, 127.2 პუნქტს შეადგენდა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.2 პუნქტით, ანუ 4.3%-ით მეტია.
დეკემბერში მარცვლეულის ფასთა ინდექსი, ნოემბერთან შედარებით, 1.7%-ით გაიზარდა. ექსპერტების აზრით, ხორბლის ფასების მხარდაჭერა შავი ზღვის რეგიონიდან საექსპორტო მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ შეშფოთებამ გამოიწვია. სიმინდზე ფასების ზრდა ექსპორტის მძლავრმა მოთხოვნამ, ასევე, ბრაზილიასა და შეერთებულ შტატებში ეთანოლის წარმოების ზრდამ განაპირობა. 2025 წელს მარცვლეულის ფასთა ინდექსი 4.9%-ით დაეცა, რაც 2020 წლიდან ყველაზე დაბალი საშუალოწლიური მაჩვენებელია.
მცენარეული ზეთის ფასთა ინდექსი დეკემბერში 0.2%-ით დაეცა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ეს სოიოს, რაფსისა და მზესუმზირის ზეთის გლობალურმა გაიაფებამ გამოიწვია, რამაც პალმის ზეთზე კოტირებების ზრდა აანაზღაურა. მზესუმზირის ზეთზე ფასები ზედიზედ მეორე თვეა, კლებას განაგრძობს, რაც გლობალური იმპორტის სუსტი მოთხოვნით არის გამოწვეული. თუმცა 2025 წლის შედეგებით, მცენარეულ ზეთზე ფასები 17.1%-ით გაიზარდა, რაც შეზღუდული გლობალური მიწოდების ფონზე ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულია.
ხორცის ფასთა FAO-ს ინდექსი დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 1.3%-ით შემცირდა, თუმცა წლიურად 3.4%-ით გაიზარდა. ფასები ხორცის ყველა კატეგორიაში დაეცა, ხოლო ყველაზე დიდი კლება საქონლისა და ფრინველის ხორცზე დაფიქსირდა. ექსპორტის მნიშვნელოვანი მოთხოვნისა და იმპორტის შემცირების ფონზე, განსაკუთრებით, ფრინველის ხორცი გაიაფდა. 2025 წლისთვის ხორცის ფასთა ინდექსი 5.1%-ით გაიზარდა, რაც იმპორტის გლობალური მოთხოვნის, ასევე, ცხოველთა დაავადებების აფეთქებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო ბაზრის გაურკვევლობის ზრდით იყო გამოწვეული.
რძის პროდუქტების ფასთა ინდექსი დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 4.4%-ით შემცირდა. კარაქზე ფასები, ნაწილობრივ, ევროპაში ნაღების მიწოდების სეზონური ზრდის გამო მკვეთრად დაეცა. ნატურალური მშრალი რძის ფასებიც შემცირდა, რაც ოკეანეთში რძის სეზონური წარმოების პიკითა და ძირითადი იმპორტიორი რეგიონებიდან მოთხოვნის შემცირებით იყო განპირობებული. თუმცა უცხიმო მშრალი რძე და ყველი უმნიშვნელოდ გაიაფდა. წლის განმავლობაში რძის პროდუქტების ფასთა ინდექსი 13.2%-ით გაიზარდა, რაც წლის პირველ ნახევარში ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა.
შაქრის ფასთა ინდექსი დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 2.4%-ით გაიზარდა, რაც სამთვიანი კლების შემდეგ მოხდა. თუმცა წლიური თვალსაზრისით დეკემბრის მაჩვენებელი 24%-ით ნაკლები იყო. 2025 წლის შედეგებით, შაქრის ფასთა ინდექსი 17%-ით დაეცა და 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი დიდი საექსპორტო მოთხოვნა იყო.
FAO-ს სასურსათო ფასთა ინდექსი საშუალოშეწონილი მაჩვენებელია, რომელიც ხუთი ძირითადი სასურსათო ჯგუფის საერთაშორისო ფასების დინამიკას ასახავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ BPN.GE










