“ნუ შეგვაწუხეთ თქვენი პირადი პრობლემებით, ყველას ჰყავს ოჯახი, რაც მამიდას ყოველთვის ცალ ფეხზე ეკიდა. სულ მე, მე რა, (საბჭოელი) თხა ხართ?” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს და ჯაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით, თაკო ჩარკვიანის სატელეფონო ინტერვიუს ეხმიანება.
- “TV პირველთან” სატელეფონო ინტერვიუში თაკო ჩარკვიანმა ძმისშვილზე, რომელიც ჯგუფური თავდასხმის ფიგურანტია განაცხადა: “ძალიან მეცოდება ჯაკო, ცოდვაა ამ საქმისთვის… კითხვები ისევ გვაქვს, რატომ დაურეკა შვილის ტოლ (ნასვამ) ბიჭებს ამ ხელისუფლების მეხოტბე მანჩო გიორგობიანმა, რატომ არ დაურეკა პატრულს და რატომ დაურეკა ისტერიით – კივილით, “მცემეს, მიშველეთო”.
მამიდა ინ ექშენ.
“ეს ქალი”-ს ძახილს რა მიზანი აქვს?? აჰ, “იმ ქალის” ბრალია ყველაფერი და თვითონ არის სპეტაკის მამიდა… “იმ ქალს” ექნება ალბათ ჯანმრთელობის საბუთები, სათანადო არგუმენტები, მათ შორის, მის სამწუხაროდ დანგრეულ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენს მხარეს რა არგუმენტია, ის, რომ მამიდა ხმას კარგად აკანკალებს?!
ძვირფასო მამიდა, ხმის აკანკალებას თავი დაანებეთ და “კანონი და სამართლიანობის” ფარგლებში იმოქმედეთ, შეაფასეთ ასევე დაზარალებულის მდგომარეობაც! აჰ, არ გინდათ, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, დაზარალებულზე საუბარი არ გაწყობთ??! და “იმ ქალზე” ხელის შეწმენდას თავი დაანებეთ, რადგან ეს უზნეობაა, რაც თქვენს ძმის შვილს არ უკადრია და სავარაუდოდ არც მერე იკადრებს.
და ნუ შეგვაწუხეთ თქვენი პირადი პრობლემებით, ყველას ჰყავს ოჯახი, რაც მამიდას ყოველთვის ცალ ფეხზე ეკიდა. სულ მე, მე რა, (საბჭოელი) თხა ხართ?
ნეტავ, დაზარალებულს არ მოსთხოვდეთ იქით პასუხს იმაზე, რომ ბაბუამისს ჯანუკი არ ერქვა და რაღას დავეძებ.
ძალით ევროპიელები, ესენი,” – წერს თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი პოლიციას გუშინ ჩაბარდა.
2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ “სპარში” ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.










