შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 6 პირი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1988 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს, ხოლო, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია: 1981 წელს დაბადებული ი.მ., 1989 წელს დაბადებული ლ.მ., 1992 წელს დაბადებული დ.წ., 1992 წელს დაბადებული ბ.თ. და 1991 წელს დაბადებული გ.შ.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ქალაქ გორში, ბრალდებულმა დ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2003 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს.
წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით, დაპირისპირებული მხარეები, თანმხლებ პირებთან ერთად მოგვიანებით კვლავ შეიკრიბნენ. განმეორებით მომხდარი დაპირისპირებისას, დანაშაულში ბრალდებულმა პირებმა ლ.ნ.-სა და მისი თანმხლები პირების მიმართ ჯგუფური ძალადობა განახორციელეს, რა დროსაც დ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა და ქვედა კიდურების არეში დაჭრა ლ.ნ.-ს ძმა, დ.ნ. და მისი მეგობარი, ე.ნ. ორივე მათგანი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. მომხდარის შემდეგ, ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
სამართალდამცველებმა დ.გ.-ს სარდაფში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „Molot Arms“ -ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 236-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში