რიკოთის მაგისტრალზე, ობიექტის მშენებლობაზე, დაშავებული 64 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პოლიტრამვებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მოზრდილთა ემერჯენსის ხელმძღვანელი, მაია რუხაძე ამბობს, რომ პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა არ აქვს და კონტაქტურია.
“13:15 წუთზე, კატასტროფის ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 64 წლის მამაკაცი პოლიტრამვით. პოლიტრამვის რეჟიმში ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ნანახი იქნა ნეიროქირურგის მიერ. აღმოჩნდა მარჯვნივ 5 ნეკნის დაზიანება, მარცხნივ 2. ფილტვების დაჟეჟილობა, გულმკერდის მე-12 მალის მოტეხილობა. კანქვეშა ინფიზემა. პაციენტი მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა არ აქვს, არის კონტაქტური და ადეკვატური,”-ამბობს მაია რუხაძე.
რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე, უბისის მონაკვეთზე, სამუშაო ობიექტის ჩამონგრევის შედეგად სამი მუშა დაშავდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის თქმით, შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. ადგილზე სამუშაოებს ჩინური კომპანია აწარმოებს. გიორგაძე განმარტავს, რომ შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.
Radiodk.ge










