კონსერვატორიის სტუდენტის, 23 წლის გიორგი საყურაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მირიან თოხაძეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.
ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით სასამართლოს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.
მოსამართლის განჩინებით, მირიან თოხაძეს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდება. ის სამედიცინო დაწესებულებაში მაქსიმუმ, 20 დღით მოთავსდება. აღნიშნულმა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ხომ არ იყო თოხაძე დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი ან ხომ არ იმყოფებოდა ის ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
კონსერვატორიის სტუდენტი, 23 წლის გიორგი საყურაშვილი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე მირიან თოხაძე დააკავეს, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოიღეს.
როგორც ირკვევა, დაკავებულმა სავარაუდო დანაშაული ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩაიდინა. ის წარსულში, საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვისაა მსჯავრდებული.
ბრალდებული მირიან თოხაძე ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 10-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.