“ქართულ ქარტიაში” შემავალ საკითხებზე პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციას დადებითად აფასებს კოალიცია ცვლილების ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე. მისი თქმით მათ პოლიტიკურ ძალა პრეზიდენტის პრაქტიკულად ყველა ხედვას ეთანხმება.
“ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ ჩავატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას, როგორ მივდივართ საბოლოო ჯამში გამარჯვებამდე და შემდეგ როგორი უნდა იყოს ტრანზიციის პერიოდი, რომ მშვიდად და წყნარად ჩაიაროს.
ხედვები, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, პრაქტიკულად ყველაფერში თანხმობა გვაქვს. ჩვენ გვქონდა იდეები, რომელზეც მომავალში ვისაუბრეთ, შევთავაზეთ და მათი ნაწილი მოეწონა და შეიძლება განხორციელდეს.
ყველაფრის ამოსავალი ჩვენთვისაც და პრეზიდენტისთვისაც არის “ქართული ქარტია” სადაც არის გაწერილი კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ვართ ამ ქარტიის ერთგული, როგორც რეფორმების, ასევე მთავრობის დაკომპლექტების ნაწილშიც, არსად რამე კითხვები არ გვაქვს,” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. მისი თქმით კონკრეტულ პრინციპებზე შეთანხმება მიმდინარე პროცესში მოხდება.
შეგახსენებთ, „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი პარტიები შეთანხმებული არიან იმ საკითხებზე რომელთა შესრულება აუცილებელია ევროპული ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს როგორც რეფორმებს, ასევე ტექნიკური გარდამავალი მთავრობასაც.