ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ელჩს ვთხოვდი, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ
ვთხოვდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებს უკავშირდებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საელჩოს ქარდები ცოტა გაუგებარია.
„არ ვიცი, მე ამასთან დაკავშირებით ძალიან ღრმა კომენტარს არ გავაკეთებ, სამწუხარო ის არის, რომ გუშინდელი, გუშინწინდელი ქარდები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, არასწორ ბრალდებებს, ეს ძალიან სამწუხაროა. დღევანდელი ქარდიც იყო აბსოლუტურად გაუგებარი, თუმცა ეს არის საელჩოს საქმე. მე ვთხოვდი ქალბატონ ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ.
საელჩომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა იმაზე, თითქოს ცდომილება პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის იყო მხოლოდ 1,8, როცა სინამდვილეში იყო 2,4 და მეორე მანიპულაცია მდგომარეობდა რაში – რომ სინამდვილეში ამ 2,4 პროცენტით რეალურად „ისფედი“ ბრალს დებდა „ქართულ ოცნებას“ 46 ათასი ხმის გაყალბებაში და საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი. ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, შეგახსენებთ, რომ ეს იყო უხეში ბრალდება. ჩვენ გვაბრალებდა ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია არჩევნების გაყალბებას 46 ათასი ხმით და ეს იქცა მთავარ საბაბად ოპოზიციისთვის, რომ ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ხალხის ნების წინააღმდეგ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამას უწოდებს საელჩო უმნიშვნელო შეცდომას, ეს სიცრუეა. თუ საჭირო იქნება, პირადადც გავუზიარებ ელჩს ჩემს მოსაზრებებს ამასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით გადართული ვართ საარჩევნო პროცესებზე, თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.