„დემოკრატიული ფესტივალი“ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ, – განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
„დემოკრატიული ფესტივალი“ იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიის“ ორგანიზებით და დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ „დემოკრატიული ფესტივალი“ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ.
ფესტივალზე მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა. ე.წ. ფესტივალში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი“, – აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.










