მამა თეიმურაზ ქორიძე დღეს დაკრძალეს , დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ემშვიდობებიან მას :
დღეს ქართულმა მიწამ მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე მიიბარა მღვდელ თეიმურაზ ქორიძის სხეული, რომლის გარდაცვალებამ მიმდინარე კვირაში შეძრა სრულიად საქართველო და ალბათ არ დაუტოვებია არცერთი კეთილმორწმუნე ადამიანის გული და თვალები, ვისთვისაც მწუხარება არ მოეგვარა და მისგან მომდინარე ცრემლები არ დაედინა.
ძვირფასო მამა თეიმურაზ, მარად ღირსსახსოვარო ძმაო ქრისტეში, შენი წმიდა და საყოველთაო სახალხო სიყვარულით დამტკიცებული და აღიარებული მსახურება და მოღვაწეობა ერთ-ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ ქრისტე კვლავ მყოფობს, მწყემსობს და მეფობს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში და ასევე იმედია იმისა, რომ ყოვლადსახიერ ღმერთს მომადლებული ჰყავს და კვლავ მომადლებს საქართველოს უძველეს ეკლესიას შენს დარ მოღვაწეებს, სასულიეროთა თუ საეროთ, ვინც შენებრ უმიზეზო სიყვარულითა და უშურველი მსახურებით იღვწიან თუ მომავალში დაშვრებიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დიდებისა და ძლიერებისათვის!
ძვირფასო მამაო და ძმაო, ჩემი მოკრძალებული ფიქრის გამხელასაც გავბედავ და დავსძენ, რომ რასაც ემსახურე და ქადაგებდი მთელი შენი არსებითა და შემართებით, არსთა გამრიგე და ყოვლადმოწყალე ღმერთმა ყოველივე ამის დადასტურების ნება და წყალობა გიბოძა შენი ადამიანთათვის უეცარი გარდაცვალებით, ქრისტეს სამწყსოს დღენიადაგ აუწყებდი რა გარდაცვალების ამაოებასა და ღმერთში თითოეული ჩვენგანის უკვდავებას! შენი მხრივ ოცდაათი წლის ასაკში ისიც დაამტკიცე, რომ მსახურება ღვთისა და მოყვასისათვის და მისგან მომდინარე ღვაწლი სასუფევლის დამკვიდრებისათვის არ განისაზღვრება ასაკით, არამედ გონებით, სიტყვითა და საქმით დამტკიცებული შინაგანი სულიერი მდგომარეობით!
ვსასოებთ ყოვლადწმიდა სამებას, რომ მებრძოლი ეკლესიის მართლმკვეთელური მსახურებიდან მოზეიმე ეკლესიის უწმიდესი ტრაპეზის მარადიულ მსახურად დაევანები და შენს წმიდა ლოცვებს აღავლენ ქრისტეს წინაშე, ვისაც მთელი შენი ადამიანობითა და მღვდლობით ემსახურე ამქვეყნად და აწ ემსახურები ზესთასოფლად!
მე, როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარს, როდესაც მკითხავენ, ექნება თუ არა საქართველოს ეკლესიას ღირსეული მომავალი, თამამად ვუპასუხებ “დიახ” და ამის ერთ-ერთ დასტურად შენს წმიდა მსახურებასა და მოღვაწეობას მოვიტან.
ძვირფასო მამაო და ძმაო, იზეიმე ქრისტეში და შენი ამქვეყნიდან უეცარი გასვლით დამწუხრებულთ – შენს ოჯახს, სამწყსოსა და თითოეულ ადამიანს უფლისგან მომადლებული ნიჭით ნუგეში მოუვლინე სადიდებლად ღვთისა და სათნოდ მოყვასისა, რასაც თავად ასწავლიდი უპირველესად არა ბაგეებით, არამედ შენი სიცოცხლის ყოველი ჟამით!
საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა შენი, ძვირფასო მამა თეიმურაზ, ღირსო ნეტარებისაო! – წერს სოციალურ ქსელში ლაშა დეისაძე-შარვაშძე