უკრაინის სამხედრო ოპერაცია რუსეთის კურსკის ოლქში უშედეგო აღმოჩნდება, თუ დასავლური პარტნიორები კიევს მათ მიერ მიწოდებული შორი მოქმედების იარაღის გამოყენების ნებას არ დართავენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
საქმე ეხება ამერიკული „ხმელეთი – ხმელეთი“-ს ტიპის ATACAMS-ის რაკეტებს, ბრიტანულ, ფრანგულ და გერმანულ ფრთოსან რაკეტებს Storm Shadow, SCALP_EG და Taurus, რომლებიც უკრაინას რუსეთის შუაგულში მდებარე ხიდების, იარაღის საწყობების და პირველ რიგში აეროპორტების ეფექტური განადგურების საშუალებას მისცემდა.
თუ უკრაინის შეტევა კურსკის ოლქზე უკრაინის მოკავშირეების აქტივიზაციას გამოიწვევს, და დასავლური ქვეყნების ლიდერები მოხსნიან შეზღუდვებს, ოპერაცია განსაკუთრებით შედეგიანი აღმოჩნდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის პოტენციური სტრატეგიული მიღწევები კურსკის ოლქში გაქარწყლდება. უკრაინა, დიდი ალბათობით, დონბასში მდებარე საკვანძო სატრანსპორტო დასახლება პოკროვსკს დაკარგავს, ხოლო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დაპყრობას გააგრძელებს, ასკვნის სტატიის ავტორი.










