ატარებ დემოკრატიის ფესტივალს და ფესტივალის მთავარ პორტრეტად გამოგყავს ადამიანი, [მიხეილ სააკაშვილი] რომელიც არათუ დემოკრატიას ემსახურებოდა, არამედ სადიზმის ის ხარისხი აჩვენა, რომელიც არ ახასიათებს ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებსაც კი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ „დემოკრატიის ფესტივალის“ სახელით გამართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
„წამებით ადამიანს რომ მოკლავ და ეს ჩვეულებრივი ამბავია შენს მმართველობაში, როგორ შეიძლება ეს იყოს დემოკრატიის ფესტივალის მთავარი ლოზუნგი? სწორედ ეს არის წინასაარჩევნო აგიტაცია“, – აცხადებს გია ვოლსკი.
„დემოკრატიის ფესტივალის“ სახელით შეფუთული ღონისძიება კახეთსა და ქუთაისში გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდება.
ფესტივალებზე ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დემოკრატიის სახელით გამართულ ფესტივალს საქართველოში, დანიის პარლამენტის მიერ შექმნილი ორგანიზაცია აფინანსებს.