ქუთაისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყო და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგვისტოს ბოლომდე იკრძალება.
3 ივნისიდან 31 აგვისტომდე, გელათის ქუჩის კვეთიდან დავით ჩირაძის ქუჩის კვეთამდე მოძრაობა შეზღუდული იქნება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სვლაგეზებიც.
კერძოდ, M3 კატეგორიის N19 და M2 კატეგორიის N141 სატრანსპორტო საშუალებები, სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორის ქუჩების კვეთიდან (საფიჩხიის ცენტრიდან) ქალაქის ცენტრის მიმართულებით, კოსტავას ქუჩის ნაცვლად, გელათის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.
ქუთაისის მერიამ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. პირველი ტენერი, წინადადების მიღებიდან მეოთხე დღეს, საბინაო ინფრასტრუქტურის სამსახურის მიმართვის საფუძველზე ჩაიშალა.
შესყიდვის შეწყვეტის ოქმში ეწერა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებული კანალიზაციის ქსელი აღარ ექვემდებარებოდა მიმდინარე შეკეთებას. შესაბამისად, მოცემული ქსელის კაპიტალური რეაბილიტაციის გარეშე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეაბილიტირებული საავტომობილო გზის საფარის დეფორმაციის რისკებს შეიცავდა.
მეორედ გამოცხადებულ ტენდერში [NAT240005726] პროექტის ღირებულება თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა. ტენდერში კომპანია „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალმა” გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოებს 2 მილიონ 198 776 ლარის სანაცვლოდ შეასრულებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე გათვალისწინებულია კოსტავას ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ბორდიურები, სანიაღვრე არხი, სანათები. სამუშაოები 2025 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.
ცნობისთის, მერაბ კოსტავას ქუჩა წლებია რეაბილიტაციას საჭიროებს, მოსახლეობისთვის საკანალიზაციო სისტემის პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომელიც პატარა წვიმის დროსაც კი იჭედება.










