“არა რუსულ კანონს” – ამ დევიზით მესხიშვილის თეატრის წინ, 17 აპრილს, 18:00 საათზე, აქცია გაიმართება.
ქუთაისელები, სტუდენტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ამ კანონის მიღების წინააღმდეგები ვართ.
“საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიციირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიციირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. ამ კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღვოდა წინ.
ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად” მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.










