რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედიკოსებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ამ ეტაპზე არ განიხილება ჯანდაცვის სამინისტროს არცერთი შეთავაზება. ისინი ითხოვენ გადახედონ კლინიკის დემონტაჟთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. ხვალ ექიმები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან და მოთხოვნებს იქ გააჟღერებენ.
“გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული რესპუბლიკურის ნგრევასთან დაკავშირებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შეიცვალოს. გაგვცენ პასუხი რატომ უნდა დატოვონ მინიმუმ რამდენიმე წლით სახელმწიფო დედაქალაქში არსებული მძლავრი სახელმწიფო კლინიკის გარეშე, რომელიც არის სტრატეგიული ობიექტი. მე რატომ უნდა ჩავიდო ჯიბეში უშრომელად, რა თქმა უნდა, უარს ვამბობ, ეს შეურაცხყოფს ადამიანს, უამრავი გაჭირვებული ადამიანია, რომელიც ბიუჯეტში იხდის 20%-ს და თურმე იქიდან ჩვენ მილიონები უნდა ავიღოთ? ესეც ჩვენი დისკრედიტაციაა, ეს არის შეურაცხმყოფელი და ჩვენი დისკრედიტაციისკენ მიმართული, რომ ფულზე გავიყიდეთ და მუქთად ავიღეთ ფული”, – ამბობს ექიმი, კახი ხუციშვილი.
22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ.










