რადიო ძველი ქალაქია დაარსებიდან დღეს 28 წელი გავიდა. ეს დღე პირველად დადგა მისი დამაარსებლის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის გარეშე.
სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ,,რადიო ძველი ქალაქის” თანამშრომელიბდა ქეთი ბერძენიშვილის უახლოესი მეგობარი დათო ლიკლიკაძე.
,,2 დეკემბერი რადიო „ძველი ქალაქის“ დაბადების დღეა, 28 წლის გახდა. ეს რადიო ქეთი ბერძენიშვილმა მის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად 28 წლის წინ დაარსა და მას ყოველთვის მის პირველ შვილს ეძახდა. დღეს რადიოს დაბადების დღეს ქეთის გარეშე ვხვდებით, თუმცა ქეთის სული სულ იქ ტრიალებს, არასოდეს დატოვებს ქეთი მისსავე რადიოს, უბრალოდ თითქოს სამოგზაუროდ არის წასული და ჯერ დაბრუნება არ უნდა.
ბატონებო რადიო „ძველი ქალქის“ არსებობა არ გეგონოთ სახუმარო საქმე. მაშინ FM რადიო (ერთ ერთი პირველი რადიო ქვეყანაში) თბილისს გარეთ პირველი სწორედ ქუთაისში დაარსდა და თბილისშიც ზუსტად ერთი კვირით ადრე გაიხსნა პირველი რადიო. ანუ ცოტათი მოხდა დასწრება, თორემ იდეა უნიჭიერეს გუნდს ერთ ერთ პირველებს აწვალებდათ. უტოპია იყო მაშინ რასაც ამბობდნენ, გიჟები მეგონენ და კი მოვიდა ამ დრომდე. ამ რადიოში ორი წლის მერე მივედი, ანუ 26 წელია აქ ვმუშაობ და დღესაც ჩავწერე გადაცემები. 28 წელი მხრებით მოიტანა ქეთევან ბერძენიშვილმა ეს რადიო და ეგ გმირობის ტოლფასია ბატონებო და ქალბატონებო.
ქეთი ჩვენ ყოველთვის ვაცოცხლებთ შენს რადიოს. დღესაც ისმის 107 და 9 დან შენი ხმა. შენ სულ იქნები ამ რადიოს ნაწილი და დავიწყება არ გიწერია.
რადისო დაბადების დღეს ვულოცავ ყველა ყოფილ და ახლანდელ თანამშრომელს, ჩვენს ერთგულ მსმენელებს და ჩვენს დირექტორს ირაკლი მაჩიტაძეს!” – წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე თვიანი ავადმყოფობის შემდეგ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა.
რადიო “ძველი ქალაქი” FM სივრცეში 1995 წლის 2 დეკემბერს და გამოჩნდა და მსმენელებს უახლესი ჰიტების გარდა, უამრავი საინტერესო რუბრიკა და გადაცემა შესთავაზა.
წლების შემდეგ რადიო “ძველი ქალაქი“ ინარჩუნებს ერთ-ერთი ლიდერ პოზიციას.
რადიო “ძველი ქალაქის” ძირითადი საქმიანობა რადიომაუწყებლობაა. რადიომაუწყებლობის სიხშირე – FM 107.9. “ძველი ქალაქის” მაუწყებლობა ქუთაისს, იმერეთის ძირითად ნაწილს, გურიის და სამეგრელოს ნაწილს ფარავს.
ტელეკომპანია ,,მეგა ტვ” ულოცავს რადიო “ძველი ქალაქის” გუნდს დაბადების დღეს.










