“ქუთაისი ვარ მე” – ამ შინაარსის ტრანსპარანტით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მეგობრებმა, მოქალაქეებმა, სამოქალაქო აქტვისტებმა და ჟურნალისტებმა ქუთაისისა და ქვეყნის გამორჩეული შვილი ქეთი ბერძენიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს.
მოქალაქეები პარლამენტის ყოფილი შენობის წინ სიმბოლურად შეიკრიბნენ და მდუმარე პერფორმანსი გამართეს, რითაც ქეთი ბერძენიშვილს გამოემშვიდობნენ. პერფორმანსის ბოლოს მონაწილეებმა ქეთი ბერძენიშვილის სასახლე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეამკეს.
მათი თქმით ეს იყო ქეთი ბერძენივილის ბოლო აქცია, რომელსაც ის დაესწრო, ამის შემდეგ კი ქეთი ყველა აქციაზე კადრს მიღმა იდგება, როგორც მაშინ იდგა, როდესაც ქუთაისში პარლამენტის დატოვებას ითხოვნდნენ პარლამენტის უკვე ყოფილ შენობაში, ბანერით ხელში “დატოვე პარლამენტი ქუთაისში”.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და ავანგარდის სასაფლაოზე დაკრძალეს.










