გარდაიცვალა ქართველური ენების თვალსაჩინო მკვლევარი – ენათმეცნიერების ინსტიტუტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ენათმეცნიერების ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ გარდაიცვალა ქართველური ენების თვალსაჩინო მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი რევაზ შეროზია და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
რევაზ შეროზიამ 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სასწავლო თუ სამეცნიერო დაწესებულებაში: თბილისის მასწავლებელთა დახელოვნების საქალაქო ინსტიტუტში, პიონერთა სასახლეში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში. 1981 წლიდან იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი. ბოლო წლებში მუშაობდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად.
რევაზ შეროზია მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ექსპედიციებში. გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები.
ქართულმა საენათმეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა ქართველური ენების კარგი მკვლევარი, ჩვენმა ინსტიტუტმა – გამორჩეული კოლეგა, მეგობარი და საიმედო ადამიანი” – ნათქვამია ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.










