2023 წლის ოქტომბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება თვიურ ჭრილში გაიზარდა და 6.13 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ოქტომბრის საშუალო ფასი 4.2%-ით მაღალია წინა თვესთან (2023 წლის სექტემბერთან) შედარებით და 6.8%-ით დაბალი – წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (2022 წლის ოქტომბერთან) შედარებით.
„თვიურ ჭრილში ხაჭაპურის ღირებულება ყველა დიდ ქალაქში გაიზარდა, გარდა ბათუმისა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თბილისში (+15.1%), რომელსაც მოჰყვება თელავი საკმაოდ დიდი მაჩვენებლით (+4.4%), ბათუმში კი მცირე კლება დაფიქსირდა (-0.3%). ასეთი განსხვავების მიზეზი შეიძლება შემოდგომასთან დაკავშირებული სეზონური ცვლილებები იყოს.
გასულ თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე, გარდა კარაქისა, რომლის ღირებულებაც უცვლელი დარჩა. ოქტომბერში ფასების ზრდის დინამიკა ასე გამოიყურება: კვერცხი – +5.9%, ყველი – +4.2%, ფქვილი – +2.7%, საფუარი – +2.4%, რძე – +1.9%. მიუხედავად იმისა, რომ ფასები თვიურ ჭრილში გაიზარდა, ყველისა და ფქვილის ფასები წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად დაეცა (ყველი – 12.4%, ფქვილი კი – 4.6%-ით).
ვინაიდან რძის მიწოდება სეზონურად იკლებს, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში ყველისა და რძის, ხაჭაპურის მთავარი ინგრედიენტის ფასები კიდევ უფრო გაიზრდება,“- აღნიშნულია ანგარიშში.










