ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდა, ‘’თიბისი ბანკის’’ ნებისმიერი ბარათის პარალელურად, ახლა უკვე ‘’საქართველოს ბანკის’’ ნებისმიერი ბარათითაც შესაძლებელია, გარდა ‘’ამერიკან ექსპრესის ბარათისა’’ – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
“ ქუთაისში ავტობუსით/მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება შეადგენს 60 თეთრს. სატრანსპორტო ბარათზე ბალანსის შევსება არის უფასო.

საშეღავათო ტარიფები მოქმედებს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის N-180 დადგენილებით განსაზღვრულ მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიებზე.

ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის N 73-ე დადგენილებით, ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა მოსწავლე ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობს.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელია ქალაქის ქსელურ მარკეტებში.

სატრანსპორტო ბარათზე ნაშთის შემოწმება ხდება „ფეი-აპარატზე“ ბალანსის შევსებისას, ან ავტობუსებში/მიკროავტობუსებში ბარათით გადახდისას.

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ბარათით გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ქ. ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

მოქალაქე ვალდებულია, ავტობუსში/მიკროავტობუსში ასვლისთანავე გადაიხადოს სამგზავრო ტარიფით განსაზღვრული მგზავრობის ღირებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიჩნევა უბილეთოდ.

კომპანიაში მუშაობს მგზავრთა მონიტორინგის სამსახური, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ახორციელებს უბილეთო მგზავრთა დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
ჯარიმის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც ‘’თიბისი-ფეის“, ისე ‘’საქართველოს ბანკის’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატებზე, სპეციალური აპლიკაციის (‘’ქუთაისის ავტობუსების ჯარიმა’’) საშუალებით.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაცაში.