შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნინო თვალთვაზე ეხმიანება.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ამ დღეებში სულ ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა დავწერო ან ვთქვა და არ გამომდის. სიტყვები იმ ემოციებს ვერ გამოხატავს და უფასურდება ყველაფერი და აღარც სურვილი გრჩება რამის თქმის. ეს დღეები განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ჩემს შვილებს, ჩემი მეგობრების და ბევრი ახლობლის შვილებსაც შეეხო, ჩვენ გადავრჩით – ბევრი ვერ გადარჩა. მე მაშველის ცოლი ვარ და ნებსით თუ უნებლიეთ, თითქმის ყველაფრის თანამონაწილე ვხდები, რაც ხდება იმერეთის რეგიონში. ამ დილითაც 5 საათზე რაციის ხმამ გამაღვიძა – “ინიციატორის ინფორმაციით ახალგაზრდა კაცმა თავის ჩამოხრჩობა სცადა ამა და ამ სოფელში, შეიძლება ისევ ცოცხალი იყოს…” ამას იმიტომ ვწერ, რომ ვინც აქ მაშველებზე იწერებით, იმის ნახევარზეც არ გაქვთ წარმოდგენა სინამდვილეში რას გადიან ყოველ დღე, რამდენი დამხრჩვალი ბავშვი, ქალი თუ კაცი ამოყავთ, ან რამდენ ავარიას ხედავენ, დანგრეულ სახლებში, მიწაში, წყალში კვირაობით ეძებენ ცხედრებს თუ ხრამში გადავარდნილებს. მაგრამ თამამად ვიტყვი, რომ შოვის ამბავი იმდენად მასშტაბურია და მძიმე, რომ ძლივს უძლებენ იმას რასაც აკეთებენ და უყურებენ. მე მგონია, რომ ყველა რაღაც ზღვარზე ვართ და რასაც ვკითხულობ, ამაში ყოველ დღე მარწმუნებს.
და ბოლოს, საზოგადოებაში არსებობს შიში, რომ ეს ყველაფერი არ განმეორდეს, არსებობს შიში და კითხვები რიკოთთან დაკავშირებით. ამაზე სალაპარაკოა მშვიდად და პროფესიონალურად!” – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე.
3 აგვისტოს შოვში სტიქიური უბედურება დატრიალდა. განვითარდა ღვარცოფული პროცესები. ბუბას ხეობაში ჩამოშლილმა უზარმაზრმა მასას საკურორტო ზონა მთლიანად გაანადგურა. დაღუპულია 20 ადამიანი, 20-მდე დაკარგულს კიდევ ეძებენ. შოვში სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჯმში მიმდინარეობს.










