აჭარაში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, თუმცა სხვადასხვა სეგმენტში დასაქმებულები Ambebi.ge-სთან საუბარში ჩავარდნილ ტურისტულ სეზონზე საუბრობენ. ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით, რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო.
აჭარის მთავრობამ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად 3 ივნისს საზეიმო ვითარებაში გახსნა, თუმცა ხალხმრავალ ტურისტულ ადგილებში დასაქმებულები ამბობენ, რომ წელს უმუშევარი დარჩნენ, საკუთარ პროდუქციას ვერ ყიდიან, ასევე ტურისტების ნაკლებობაზეც საუბრობენ “იახტკლუბში” მომუშავეებიც.
რესპონდენტების თქმით, შეზლონგებზე, კვების ობიექტებზე, ბინების ფასებზე, იახტებსა და სხვა სერვისებზე ფასები არ შეცვლილა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნა, სავარაუდოდ, ზღვის წყლის ხარისხზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.
- მათი თქმით, მიუხედავად ზღვის წყლის ხარისხის კვლევებისა, ტურისტებს არ სჯერათ, რომ ზღვაზე დასვენება უსაფრთხოა და ამიტომ, შესაძლოა, ამ მიზეზით ვიზიტორთა ნაკადმა იკლო.
“აქ დასაქმებულებმა ახალი იახტები და საცურაო საშუალებები ჩამოიყვანეს, მათ დიდი ფინანსური ზიანი მიიღეს. ტურისტი არ არის, იახტაზე დასაქმებულები ტურისტების დასწრებაზე ვართ, თუ ვინმე გამოჩნდა სანაპიროზე… რუსები ტურისტები არ არიან, ისინი აქ დამკვიდრდნენ და თავიანთი გახსნეს ყველაფერი, ჩვენთან ფულს არ ხარჯავენ და არც ვთვლით მათ ტურისტებად” – გვითხრეს “იახტკლუბში”.
“ელექტრომობილებთან რიგები იდგა, თქვენც ხედავთ, მოდით გადაიღეთ, ნახეთ, შუადღეა და ამ დრომდე არცერთი ტურისტი არ მოსულა. ისევ ახლობლები თუ გამოივლიან და იმათ გავასეირნებთ. ტყუილად ვდგავართ მთელი დღეა. გადასახადები გვაქვს. ვგეგმავდით ელექტრომობილების დამატებას და კიდევ კარგი ეგ ფინანსური დავალიანებაც არ ავიღეთ” – ამბობს ბათუმის სანაპიროსთან მყოფი ელექტრომობილის მეპატრონე.
“მოგეხსენებათ აჭარაში /ბათუმში ხშირად არის არასტაბილური ამინდი, რაც შეიძლება ითქვას, რომ ამცირებს ტურისტულ სეზონს და ისედაც ჩავარდნილ სეზონზე აღარ გვიწევს მუშაობა. სუვენირების მაღაზია მაქვს გახსნილი, იჯარაში 8000 ლარს ვიხდი, აფხაზეთიდან დევნილი ვარ, რით ვირჩინოთ თავი. ასეთი სეზონი კოვიდის შემდეგ არ ყოფილა. წარმოიდგინე, პანდემია დასრულდა და იმ წელს უფრო კარგი მუშაობა გვქონდა, ვიდრე ახლა”, – ამბობს სუვენირებით მოვაჭრე პირი.
- ამ ყველაფრის პარალელურად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა +78.12 % ით გაზრდილია. მათი თქმით, მონაცემები დათვლილია სარფის, პორტისა და აეროპორტის გავლით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით.
“2023 წ. II კვარტალი (აპრილი-ივნისი) – საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, შეადგენს 439’060 ვიზიტს. გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +78.12 % – ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით გაზრდილია +5.4 %-ით (416’735 ვიზიტი).
2023 წ. 6 თვე (იანვარ-ივნისი) – საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა აჭარის ადმინისტრაციული საზღვრების მონაცემებით, შეადგენს 696’272 ვიზიტს. გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +87.61 % – ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით გაზრდილია +5.3 %-ით (660’970 ვიზიტი)” – აღნიშნული ინფორმაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან მოგვაწოდეს.










