ქუთაისის ტერიტორიაზე 21 ბუნებრივი სასულეა, რომლეთა ნაწილიც სანიაღვრეს ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ანტისანიტარიის კერადაა ქცეული და მოსახლეობას პრობლემას უქმნის. საკითხის ერთ-ერთი გადაჭრის გზა 2021 წელს დაგეგმილი წყალარინების პროექტი იყო, რომელიც დღემდე არ განხორციელებულა.
როგორც ქუთაისის მერიის ინსფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ანტონ ჩიხლაძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას ამბობს საკითხზე მუშაობენ:
“ბუნებრივ სასულეებთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ბუნებიდან რაც არის იმას ცოტა დელიკატური მოპყობა ჭირდება. ასე ჩარევით, შენ თუ იმას ისე არ ჩაერევი როგორც საჭიროა, რაზედაც სპეციალისტები ჭირდება და ეს სპეციალიტები მუშაობენ, ჩვენ უფლება არ გვაქვს მასზე რაიმე ზემოქმედების. სპეციალისტი რასაც იტყვის იმის მიხედვით ვმოქმედებთ.” – განუცხადა “მეგა ტვ”-ს ანტონ ჩიხლაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უხვი ნალექის შედეგად ბუნებრივმა სასულემ ვაჟა-ფშაველას 116ა-ში მცხოვრები ოჯახის მთელი ეზო დაფარა, დაიტბორა სარდაფი და ნათესები. ასაკოვან ქალს ეზოში ტბა გაუჩნდა, რომელიც საკანალიზაციო და ნაწრეტ წყლებს უყრის თავს. მზიანი ამინდის დროს ეზოში გაუსაძლისი სუნია და ადგილობრივებს მწერები აწუხებთ.
რა პრობლემას ქმნიან ბუნებრივი სასულეები ქუთაისში – ამ საკითხზე “მეგა ტვ”-მ 2021 წელს მოამზადა მასალა.










