„არ უნდა იქნას მიღებული არანაირი კანონი, რომელიც ამ მთავრობას თუ მომავალს მისცემს ბერკეტს, აგენტად შერაცხოს ადამიანი ან ორგანიზაცია განსხვავებული აზრისა და საქმიანობის გამო. ეს არის თავისუფლების შეზღუდვა. ცენზურა და კონტროლი საბჭოთა კავშირში დავტოვეთ და იქ აღარ უნდა დავბრუნდეთ“, – ასე ეხმაურება ბლოგერი და მოგზაური სოსო ნებიერიძე კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებად“ გამოაცხადებს.
ის მიმართავს თავის კოლეგებს, ბლოგერებს და იუთუბერებს, არ გაჩუმდნენ და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
„დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად არავის ეზიზღება პოლიტიკა და პოლიტიკური სიბინძურე, თუმცა არის რაღაცები, რაზეც ხმის ამოუღებლობა და აზრის დაუფიქსირებლობა უბრალოდ დანაშაულია. ახლა სწორედ ასეთ ამბავთან გვაქვს საქმე. დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისათვის. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ჩვენი მომავალი ევროკავშირშია. არა რუსეთს, რუსეთი მტერია“ ,- წერს ბლოგერი ინსტაგრამზე.










