ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება. ირაკლი შენგელია აღნიშნავს, რომ კვლევის თანახმად, კორონავირუსი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით კი მთავრობის საქმიანობას მოსახლეობა დადებითად აფასებს.
“NDI-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ მოსახლეობისთვის კორონავირუსი ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ეროვნული მნიშვნელობის საკითხების ხუთეულში, უმუშევრობის, ეკონომიკური სირთულეების და უსაფრთხოების თემებთან ერთად, კორონავირუსი ასახულია როგორც გამოწვევა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მთავრობის საქმიანობას მოსახლეობა დადებითად აფასებს. ასევე, ნათლად წარმოჩინდა, რომ მოქალაქეებს აქვთ კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც ეფექტური კომუნიკაციის და მართვის შედეგია.
ცალკე აღნიშვნას საჭიროებს ვაქცინაციასთან დაკავშირებული მიგნებები. ჩვენ ვხედავთ, რომ ვაქცინის მიმართ მიმღებლობა მოქალაქეებში მაღალია, თუმცა აქაც არის გარკვეული პარტიული ნიუანსები. ოპოზიციის მომხრეთა უფრო მეტი ნაწილი აცხადებს ვაქცინაციაზე უარს, მაშინ როცა სახელისუფლებო გუნდის მხარდამჭერებში ვაქცინაციის მომხრეთა რიცხვი გაცილებით მაღალია.
ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ამ პროცესის ირგვლიც წარმოებული დესტრუქციული კამპანია შეიძლება მნიშვნელოვანად აისახოს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. როცა საუბარია მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, თითოეული ჩვენგანი უნდა დადგეს პარტიულ კუთვნილებებზე მაღლა. ჩვენი გუნდი ამ მიმართულებით აქტიურ სანფორმაციო კამპანიას ახორციელებს და დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის მომხრეთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.
სახელისუფლებლო შტოს თითოეული რგოლი, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, არის ერთიანი და ყველაფერს აკეთებს პანდემიის მინიმალური დანაკარგებით დასაძლევად. კვლებების თანახმად ნათლად ჩანს, რომ ამ პროცესში ჩვენს გუნდს აქვს მოსახლეობის ნდობა და მხარდაჭერა,”– აცხადებს ირაკლი შენგელია.