უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირი საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. ალუდა ზვიადაური სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს. თავდაპირველად სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა.
ქართველი მებრძოლი 18 ივნისს, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ზვიადაურს ფრონტის ხაზიდან დაჭრილი თანამებრძოლი გამოჰყავდა, როცა ოკუპანტებმა მას ზურგში ტყვია ესროლეს.
42 წლის ქართველ მეომარს სამხედრო პატივით სამშაბათს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის მე-16 ქართველია, რომელიც უკრაინაში, პუტინის ომს შეეწირა.