3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 278 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან 276 ათას ტონამდე კახეთის, 1630 ტონამდე რაჭის, ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია.
ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 415 მლნ ლარს აღწევს, ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასამდე მევენახემ დააბინავა.
ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 450 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.
რთველი დასასრულს მიუახლოვდა კახეთისა და რაჭის რეგიონებში, უახლოეს დღეებში რთველი ლეჩხუმში, კერძოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში დაიწყება.
მევენახე ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს:
კახეთის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა. ასევე, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს.
რაჭის რეგიონში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.