თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის განმარტებით, თამარ საძაგლიშვილი საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის და შესაძლოა, მან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვდა.
თამარ საძაგლიშვილს საგამოძიებო უწყება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.
შემთხვევა პეკინის გამ,ზირზე მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დანით დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გამართულ პროცესს ბრალდებული თამარ საძაგლიშვილიც ესწრებოდა.