როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სიღარიბის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო დასტური, „რომელიც სამჯერ არის შემცირებული 2020 წლის შემდეგ, 21,3 პროცენტიდან 7,1 პროცენტამდე“.
„ამ ყველაფრის საუკეთესო დასტურია საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკაც, რომელიც რამდენჯერმე არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები რამდენჯერმე მეტ შემოსავალს იღებენ და ეს არის ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. ამ პერიოდში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 2020 წლის შემდეგ. მსყიდველუნარიანობის პარიტეტით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანმა შიდა პროდუქტმა უკვე გადააჭარბა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს და ჩვენი ამოცანაა საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანა. არსებული ტენდენციებითა და სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ სტატუსს ჩვენ მივიღებთ 2031-2032 წლებისთვის, ეს არის ის დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს და რომლის საფუძველზეც ამ შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, 2021-2025 წლებში საქართველოში იყო ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5% და „ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, წელსაც შენარჩუნდა დადებითი დინამიკა და არსებული მონაცემებით, პირველი 3 კვარტლის მონაცემებით ზრდამ შეადგინა 7.4%.
„2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%. ეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ ვადარებთ ხოლმე მოლდოვას ტრადიციულად ჩვენს მაჩვენებლებს და ამ 5 წლის განმავლობაში უკვე 13.3 მლრდ დოლარით გაიზარდა სხვაობა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკებს შორის. ეს სხვაობა იყო 4.5 მლრდ დოლარი 2020 წელს და სხვაობა არის გაზრდილი 13.3 მლრდ დოლარით. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს შედარება, ამაზე თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ.
მოხარულები ვართ, რომ წელსაც შენარჩუნდა ეს დადებითი დინამიკა და არსებული მონაცემებით, პირველი 9 თვის, 3 კვარტლის მონაცემებით ზრდამ შეადგინა 7.4% და შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში 2026 წლის პროგნოზი გაზარდა 5.3 %-დან 7.2%-მდე. რაც შეეხება საშუალოვადიან პროგნოზს, 2026-2031 წლების პროგნოზს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა იქნება 5.5 %, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროგნოზს აღემატება ეს მაჩვენებელი დაახლოებით ორჯერ.
იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი დაახლოებით 18 %-ით გაიზარდა და თითქმის 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ კი 60% შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ტურიზმის სექტორშიც, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები. მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა კრიზისმა თავისი გავლენა მოახდინა ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაშიც ტურიზმის დინამიკაზე, თუმცა ამის მიუხედავად მოვახერხეთ და გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 4.5 %-ით გავზარდეთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რამაც უკვე შეადგინა 3.8 მილიარდი დოლარი. ასევე ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს ფისკალური კონსოლიდაციის კუთხით, 2025-2026 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3%-ზე ნაკლებია, მაშინ როცა 2016-2021 წლებში ეს მაჩვენებელი 9%-ს უტოლდებოდა,“- განაცხადა პრემიერმა.










