16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.
კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სწორედ თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და ადამიანის ღირსების დაცვა ქმნის ჯანსაღ და სამართლიან გარემოს.
ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაციაში, რომელიც იუნესკომ 1995 წელს 16 ნოემბერს მიიღო, აღნიშნულია, რომ უპირველეს ყოვლისა, ტოლერანტობა აქტიური დამოკიდებულებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს სხვა ადამიანების საყოველთაო უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების აღიარება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში და ეს არა მხოლოდ მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა. ტოლერანტობა პასუხისმგებლობაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის უფლებების, პლურალიზმის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას.










