ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩაჩხიანი ცხელ კვალზე დააკავეს.
კლუბ „ბასიანთან“ 3 პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს – 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს, ურთიერთდაპირისპირება მოუვიდა „ბასიანში“ დიჯეისთან, რის შემდეგაც დაცვამ ის კლუბიდან გაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ტერიტორია დატოვა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ კლუბის ტერიტორიაზე დაბრუნდა და იარაღიდან 18 ჯერ გაისროლა. შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი. მათ შორის, დაცვის წევრი და ბარმენი. სამივე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათგან ერთი უკვე გაეწერა, ხოლო ორს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ერთს ზურგის, მეორეს კი ტერფის არეში, როგორც ექიმები ამბობენ,მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა წუხელ , გვიან ღამით მოხდა.