15 დღეა შიმშილობს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება – ამის შესახებ გოგი წულაიას ადვოკატმა “ქუთაისი პოსტს” განუცხადა. მისივე თქმით პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
“15 დღეა შიმშილობს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ამას, შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. ვთხოვთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ უარს აცხადებს. არ იღებს არც მედიკამენტებს. თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პატიმარია და სამართლებრივად მართალია. ერთადერთი ასმათ დვალიშვილის ჩვენებაა საქმეში, რომელიც არ დასტურდება და რომც დადასტურდეს, მაინც არ არის საკმარისი საფუძველი იმ მძიმე ბრალისთვის, რაც აქვს წარდგენილი”, – ამბობს ვალერი გელბახიანი “ქუთაისი პოსტთან” საუბრისას.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, გოგი წულაიას ერთი მოთხოვნა მოსამართლის შეცვლის შესახებ უკვე დაკმაყოფილებულია. დაცვის მხარე ახლა არსებითი განხილვისთვის ემზადება, რომელიც პირველ ივლისსაა ჩანიშნული.
გოგი წულაია მიმდინარე წლის 17 მარტს დააკავეს. მის მიმართ გამოძიება 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 -დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება და მომხდარს ბერა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ აუდიოჩანაწერებს უკავშირებს, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს იმ არასრულწლოვნების დასჯას სთხოვს, რომლებმაც მას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ გოგი წულაიამ ბერა ივანიშვილს საჯაროდ აგინა.