თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან.
მიხაილ როთთან და ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად, თბილისს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი და პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი ეწვივნენ.
„ბოდიში, მაგრამ მმართველ პარტიას ჰკითხეთ, რატომ არ ჰქონდათ სურვილი მივეღეთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ როგორც საქართველოს ხალხის მეგობრები და ცოცხალი დემოკრატიის პირობებში, წინააღმდეგობრივი მომენტები პოლიტიკაში არის ნორმალური. ეს არის არსი. ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც მეგობრები. ჩვენ ვთანხმდებით ბევრ საკითხზე, მაგრამ ზოგჯერ უთანხმოებაც არსებობს. მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი გვეძახის მტრებს. ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები.
მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურობაზე და ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოურ დამოკიდებულ გამოძიებას. ეს არის ერთადერთი შანსი, აღდგეს ნდობა“, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ შეხვდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას.
„გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი. ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით. ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ “მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე”. ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ,“ – ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრედერიკ პეტმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რითაც შეაფასა ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„ძალიან საბჭოურია იმიტომ, რომ მე შევამჩნიე აღნიშნული ტენდენცია 3-4 წლის წინ, ვინც კი აკრიტიკებდა ქართულ მთავრობას შეხვედრები აღარ ხდებოდა. მე ბოლო სამი წლის განმავლობაში, აქ ხშირად ჩამოვსულვარ, ისინი შეხვედრებს ვერ ახერხებდნენ. ერთი მცირე გამონაკლისით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი აღარ გხვდებიან, ეს არის საბჭოთა მიდგომა“, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებას გამოეხმაურა, თუ რატომ არ შეხვდება ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას.
„როდესაც მმართველი პარტია დღეს გვისვამს კითხვას, რა გაძლევთ უფლებას, რომ აქ იმყოფებოდეთო, გიპასუხებთ – მე აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში. ეს ვიზიტი მე დავაორგანიზე, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ აქ ჩამოვედით, როცა თბილისი რუსული შემოტევის პირდაპირი საფრთხისა და წნეხის ქვეშ იყო. ამ ქალაქში ვიდექი, როცა ეს ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ვიმყოფები ახლა იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა. ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული არაა, ტანკები არა (მაგრამ ისინი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგანან), მაგრამ ქვეყანა საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო, რუსული სტილის პოლიტიკის გამო.
ქართველი ხალხის წინაშე, ისევე როგორც პოლონელი, ლიეტუველი, ლატვიელი, უკრაინელი და ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზა არსებობს, ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავვარდეთ. სხვა გზა არ არსებობს, ამიტომ ვართ აქ. აქ ვართ საქართველოსადმი ჩვენი სიმპათიების გამო, რომელსაც შეიძლება სიყვარულიც დავარქვათ“, – ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„უნდა გესმოდეთ, თუკი გსურთ შეხვიდეთ ევროკავშირში, ეს არის უდიდესი გამოცდა ქვეყნისთვის. არა მხოლოდ ევროპული საბჭოა, ევროკომისიაა, ევროპარლამენტია, ეს არის ყველა და თითოეულ მთავრობა, ყველა და თითოეული პარლამენტი, პარლამენტის შიგნითაც კონკრეტული კომიტეტები, რომლებმაც უნდა მისცენ ხმა და თქვან „დიახ“. თქვენ აქ გყავთ, სულ მცირე, 8 პარლამენტი და ჩვენ, ფაქტობრივად, წარმოვადგენთ 19 პარლამენტს, რომლებმაც ხელი მოაწერეს საერთო დეკლარაციას.
გახსოვდეთ, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის მთავრობათაშორისო კონფერენცია. ერთი ვეტო საკმარისია პროგრესის შესაჩერებლად. ასე რომ, როდესაც თქვენი „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ ისინი გაწევრიანებას უზრუნველყოფენ, ისინი უბრალოდ ცრუობენ“, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას რა სიგნალს უგზავნის საქართველოს მთავრობას ის, რომ ევროპულ საბჭოს, რომელსაც პარასკევს საქართველოს საკითხი უნდა განეხილა, „ამისთვის დრო არ ეყო“.
ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაცია თბილისში შეხვედრებს დილიდან მართავს. ევროპელი დეპუტატები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციას. დაგეგმილია, ასევე, მათი შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. ცნობილია, რომ დელეგაციასთან შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.










