დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და “აჭარის ტელევიზიის” თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა – ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.
ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში ერთ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 – ე და 151- ე მუხლებით მიმდინარეობს.










