LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-კობახიძე

დაპოსტა 2026/04/21-ში
A A
24
ნახვა
გაზიარება

14 წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა, დაფუძნდა პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს.

როგორც კობახიძე წერს, დღეს საქართველო უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს. მისი შეფასებით, გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ და მართლმსაჯულების სისტემა გახდა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები „გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან და დღეს ემსახურება კანონსა და საზოგადოებას”.

რაც შეეხება მედია გარემოს, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მედია დღეს მრავალფეროვანი და პლურალისტურია.

კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის როლზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა.

“2012 წლის 21 აპრილი, რომელსაც, ლოგიკურად 2012 წლის პირველ ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხება მოჰყვა, სიმბოლურად, იმ წერტილად იქცა, საიდანაც ავტოკრატიული მმართველობის მოდელის მქონე, გარე ინტერესებს დაქვემდებარებული ქვეყნიდან, თანამედროვე, დემოკრატიულ, ღირსეულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, სუვერენული, სტაბილური, განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობისკენ დაიწყო სვლა და დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ წარსულს სამუდამოდ ჩავაბარეთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა შექმნა.

დღეს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებიდან 14 წლის შემდეგ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის სირთულეები, რომელიც ჩვენმა გუნდმა და ქართველმა ხალხმა გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, მიაჩნია, რომ 14 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს არსებულ მდგომარეობასთან პარალელების გავლება დღეს არარელევანტურია, აუცილებელია გვახსოვდეს, როგორი ქვეყნის მართვის მანდატი მიანიჭა ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ და როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ დღეს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია, უმთავრესი პრიორიტეტი კი სახელმწიფო სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ეროვნული ღირებულებების დაცვაა.

2012 წლამდე საქართველო სისტემური პრობლემების წინაშე იდგა, პრობლემებისა, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად სუნთქვას ხდიდა შეუძლებელს, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს აზიანებდა.

ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ჩაიბარა ქვეყანა, სადაც მართლმსაჯულება შერჩევითი იყო, სასამართლოს კი მოსახლეობის ნულოვანი ნდობა ჰქონდა; ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევები ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენდა, რაც იგრძნობოდა არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ დონეზე; ყველა მსხვილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის შესაძლებლობის მქონე მედია, ერთი პარტიის ინტერესებს ექვემდებარებოდა, მედიის შეზღუდვის დონე კი ისეთ მასშტაბს აღწევდა, რომ ინფორმაციის მრავალფეროვნებისა და კრიტიკული აზრის მნიშვნელობაზეც კი ვეღარავინ ბედავდა საუბარს; ანტიეროვნული რეჟიმის ტერორის მთავარ საყრდენს პოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურები წარმოადგენდნენ, რომლებიც საკუთარი თანამემამულეების დაცვასა და მშვიდად ცხოვრებაზე კი არ ზრუნავდნენ, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად იყვნენ ქცეული, იარაღად, რომელიც კლავდა, ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს და ტოტალური კონტროლისა და ზეწოლისთვის გამოიყენებოდა. ლოგიკურია, რომ ამგვარი „სამართალდამცავი უწყებების“ ფონზე, მთავარ სადამსჯელო ფუნქციას საპატიმროები წარმოადგენდა – ჩაკეტილი სისტემა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს უსამართლოდ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ათავსებდნენ რომლიდანაც არ ისმოდა ნაწამები პატიმრების ხმა და რომელშიც, ვერ აღწევდა სასჯელის მოხდის შემდეგ თავისუფლად ცხოვრების გაგრძელების იმედი.

ცალკე საკითხია უპრეცედენტო ზეწოლა კერძო საკუთრებასა და ბიზნესზე. უნდა გვახსოვდეს ათეულობით ათასი დაზარალებული, ქონება წართმეული მოქალაქე, რომელიც სწორედ „სამართალდამცავი“, სინამდვილეში კი სადამსჯელო უწყებისა და ციხეში აღმოჩენის შიშით ვერც ხმას იღებდა და ვერც სამართალს პოულობდა.

სოციალური უთანასწორობის მაღალ დონეზე, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაუცველობაზე, არასაკმარისი სოციალური დაცვის მექანიზმებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, წლების განმავლობაში ვცხოვრობდით ქვეყანაში, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრი არა დემოკრატიის ნაწილად, არამედ საფრთხედ და პრობლემად აღიქმებოდა და რაც მთავარია, ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ენდობოდა!

სწორედ ამგვარი იყო ის ქვეყანა, რომელსაც გარე ძალები „დემოკრატიის შუქურად“ ასაღებდნენ…

ამ უმძიმესი მემკვიდრეობის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაციით, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ სრული პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის წინაშე და ფუნდამენტური პრობლემების მიუხედავად, წლების განმავლობაში განხორციელებული სისტემური ცვლილებებით, სამართლიანი, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა.

დღეს, 14 წლის შემდეგ, საქართველო უკვე სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, ქვეყანაში, სადაც ეტაპობრივად განმტკიცდა სამართლებრივი სახელმწიფო და მნიშვნელოვნად გაიზარდა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტების მიმართ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა გამჭვირვალე და დამოუკიდებელი, ხოლო სასამართლო კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებები და თავისუფლებების დაცვა ფორმალობიდან – რეალობად იქცა, რადგან სახელმწიფოს პოლიტიკა თითოეული მოქალაქის ღირსების ხელშეუვალობასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.

მედია გარემო მრავალფეროვანი და პლურალისტური გახდა – დღეს ქვეყანაში თავისუფლად ფუნქციონირებს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე არაერთი ტელევიზია, ონლაინ და ბეჭდური საშუალება, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და კრიტიკული აზრის თავისუფალ გამოხატვას.

ძალოვანი სტრუქტურები გათავისუფლდა პოლიტიკური გავლენებისგან და დღეს ემსახურება კანონსა და საზოგადოებას. მათი მთავარი ამოცანაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და არა პოლიტიკური ინტერესების გატარება. ეკონომიკის სფეროში შევქმენით სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, რომელშიც დაცულია ბიზნესი და აღარ არსებობს ზეწოლის რისკები, რაც ინვესტიციების ზრდასა და კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.

„ქართული ოცნების“ პირობებში სოციალური პოლიტიკა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა – დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამები, გაიზარდა მათი მასშტაბი და ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ამას გარდა, შემცირდა უკიდურესი სიღარიბე და გაიზარდა სახელმწიფო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ. ამ ყველაფერთან ერთად, გაძლიერდა სახელმწიფო ინსტიტუტები, გაიზარდა მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის. პოლიტიკური გარემო, მიუხედავად არსებული განსხვავებებისა, დღეს აღიარებს და იცავს მრავალფეროვნებას, როგორც დემოკრატიის აუცილებელ ელემენტს, პარალელურად კი სახელმწიფო ახერხებს რადიკალური, ექსტრემისტული და ქვეყნის საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების აღკვეთას..

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ბუნებრივია, გაიზარდა მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფოს მიმართ, რადგან დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ხოლო ინსტიტუტები ემსახურება საზოგადოებას. რასაკვირველია, ამ ისტორიულ პროცესში განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტური როლი, რომელიც დღეს უკვე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარემ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფორმირებაში შეიტანა. სწორედ მისმა ხედვამ და ქვეყნისა და ხალხის წინაშე აღებულმა პირადმა პასუხისმგებლობამ განსაზღვრა გზა, რომელმაც საქართველო გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა, სწორედ მისი ლიდერობით გახდა შესაძლებელი საზოგადოების გაერთიანება საერთო ეროვნული მიზნის გარშემო, დემოკრატიული ცვლილებების მშვიდობიანი გზით განხორციელება და იმ სისტემური მანკიერებების დემონტაჟი, რომლებიც წლების განმავლობაში აფერხებდა ქვეყნის განვითარებას. ეს არის გზა, რომელიც 14 წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ნაბიჯ-ნაბიჯ გაატარა ჩვენს ქვეყანას, გზა გამოწვევებიდან – პროგრესისკენ, დაპირისპირებიდან – სტაბილურობისკენ და უნდობლობიდან – ნდობისკენ. ეს არის გზა, რომელმაც დაამტკიცა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკა, სუვერენიტეტის დაცვა და მშვიდობაზე ორიენტირებული ხედვა შესაძლებელია ქვეყნის წარმატების საფუძვლად იქცეს. რა თქმა უნდა, გამოწვევები კვლავ არსებობს, მით უფრო თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გათვალისწინებით, როდესაც გეოპოლიტიკური ინტერესები ხშირად კვეთს მცირე და განვითარებადი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებს. ამგვარ ვითარებაში საქართველოსთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად სუვერენიტეტის დაცვა და დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის შენარჩუნება რჩება. უკვე არაერთხელ ვიხილეთ ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის სხვადასხვა მცდელობები, იქნებოდა ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ საინფორმაციო ზეწოლა. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მმართველი პოლიტიკური გუნდის უნარი და გამბედაობა გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღოს და არ დაუშვას იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც ვიწრო პოლიტიკური ინტერესის გათვალისწინებით, ყველაფერზე არიან წამსვლელი და რომელთა მმართველობაც წარსულის უმძიმეს გამოცდილებას უკავშირდება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლეგიტიმაციას ქართველი ხალხისგან იღებს, რაც წლიდან წლამდე ჩატარებული დემოკრატიული არჩევნებით და საზოგადოების მხარდაჭერით მტკიცდება. შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა ქვეყნის იმ მიმართულებით განვითარებაა, რომელიც მოქალაქეთა მოთხოვნას პასუხობს. სწორედ ქართველი ხალხისგან მინიჭებული ლეგიტიმაციის შედეგია ის, რომ დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი საფუძველი და განვითარების მკაფიო ხედვა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თითოეულ წევრს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის თითოეულ მხარდამჭერს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ პატრიოტს გილოცავ ამ მნიშვნელოვან იუბილეს. წინ კიდევ უფრო დიდი მიზნები და შესაძლებლობებია, შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებითაც ერთად გავაძლიერებთ ჩვენს სამშობლოს!” – წერს კობახიძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"