ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
მის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს თეოლოგი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“5 წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისი თენდებოდა… მზე ამოსვლას იწყებდა და გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს – ბაგრატის კათედრალის დედაზარმა სამგლოვიარო რეკა დაიწყო – უფლისმიერ მიიძინა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ.
5 წლის წინ ისტორიამ სამუდამოდ გულში ჩაიკრა ეპოქა, რომელიც 1983 წლის მიწურულიდან დაიწყო ქუთაის-გაენათის უძველეს სამიტროპოლიტო კათედრაზე და არა მხოლოდ… მიტროპოლიტ კალისტრატეს მრავალმხრივი მოღვაწეობა და საქმეები მრავალგზის გასწვდა სრულიად საქართველოსა და ასევე მის ფარგლებს გარეთაც…
განვლილმა ხუთმა წელმა კიდევ მეტად მკაფიოდ წარმოაჩინა მიტროპოლიტ კალისტრატეს მოღვაწეობა, რომლის სისავსეს თავად ხშირად ჰფარავდა, თუმცა ღმერთი არ დაფარავს თავისი ერთგული მსახურისა და მღვდელმთავრის საქმეებს, რომლის ჩამონათვალი ვრცელია, პიროვნულ გასაოცარ უბრალოებას, თავმდაბლობასა და მიმტევებლობასთან ერთად. ის იყო და არის ჭეშმარიტი მწყემსი კეთილი და დამაშვრალი.
პირადად ჩემი გული მუდამ განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით ინახავს და ატარებს ჩემი აღმზრდელი მღვდელმთავრის, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს სახელს, მოღვაწეობასა და ასევე ჩემდამი წლების მანძილზე გაწეულ სულიერ მამობრივ-მღვდელმთავრულ მზრუნველობას.
საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა თქვენი, ჩვენო ძვირფასო მეუფე!
P.S. ახლა, როდესაც ამ პოსტს ვწერ, ტაო-კლარჯეთიდან ვბრუნდები, სადაც ხანძთის ისტორიულ მონასტერში პანაშვიდი აღასრულა ჩემმა მეგობარმა, მამა გიორგი ქვარცხავამ, რომელმაც ჩემი თხოვნით მოიხსენია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და ამგვარად შევავედრეთ ყოვლადმოწყალე ღმერთს ხანძთის მონასტრიდან მეუფე კალისტრატეს უკვდავი სულის ცხონება ცათა სასუფეველში მისი გარდაცვალებიდან 5 წლისთავზე.” – წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე