დღეს დიდი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის დაბადების დღეა.
განუსაზღვრელია მისი ღვაწლი ქართული კულტურის წინაშე. მისი ქმნილებები ქართული მუსიკალური ხელოვნების უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს და საყოველთაო აღიარებითა და სიყვარულით სარგებლობს მსმენელში.
კომპოზიტორის შემოქმედება მრავალ მუსიკალურ ჟანრს მოიცავს, მათ შორის თეატრალურ, სიმფონიურ, საგუნდო, კამერულ-ინსტრუმენტულ ჟანრებს, კინომუსიკას.
რევაზ ლაღიძე საკომპოზიტორო მოღვაწეობის გარდა ემსახურებოდა ახალგაზრდა თაობის აღზრდას, იყო ა. პუშკინის სახელობის ინსტიტუტისა და სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი.
მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, არის რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობისა და კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.